იაპონიაში, ჩუბუს საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინული ავიაკომპანია Antonov Airlines-ის სატვირთო თვითმფრინავ An-124-100 „რუსლანზე“ დაშვებისას ცეცხლი შენიშნეს.
იაპონური ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაციით, შემთხვევა 22 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:20 საათზე მოხდა.
ცეცხლის გამოჩენის შემდეგ აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი უსაფრთხოების მიზნით 15 წუთით, 19:22-დან 19:37 საათამდე დაიკეტა. შემოწმების შემდეგ აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა.
იაპონური მედიის ცნობით, თვითმფრინავმა სადგომამდე დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლის გამოჩენა, რა ტვირთი გადაჰქონდა თვითმფრინავს და მიიღო თუ არა მან დაზიანება. იაპონიის შესაბამისი უწყებები ინციდენტის გარემოებებს სწავლობენ.