ბათუმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულები სხვადასხვა დროს, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, 1 კილოგრამზე მეტი გამომშრალი მარიხუანა და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.