საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერაციების შედეგად განახორციელეს.
ერთ-ერთ შემთხვევაში სამართალდამცველებმა უცხოეთიდან ბრალდებულის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს. ამანათში აღმოჩნდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი 200-მდე კაფსულა.
მეორე პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მისი ხელბარგის შემოწმებისას პოლიციამ მეთადონისა და ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 262-ე მუხლებით იძიება.
დანაშაულები, რომელთა ჩადენასაც დაკავებულებს ედავებიან, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.