ისტორიული დღე „დინამო არენაზე“ - ქართული ფეხბურთის სამ ლეგენდარულ კაპიტანს ვარსკვლავებს გაუხსნიან
31 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში სამი გამორჩეული ფიგურის -  მურთაზ ხურცილავას, მანუჩარ მაჩაიძისა და ალექსანდრე ჩივაძის - ვარსკვლავების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართება.

ხვალ, 31 ოქტომბერს, ქართული ფეხბურთის ისტორიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე შეემატება. „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორის პაიჭაძის ძეგლის წინ, სამი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელისა და თბილისის „დინამოს“ კაპიტნის სახელობის ვარსკვლავები გაიხსნება.

მურთაზ ხურცილავა, მანუჩარ მაჩაიძე და ალექსანდრე ჩივაძე - ეს ის სახელებია, რომლებთანაც ქართული ფეხბურთის არაერთი ისტორიული წარმატება, თაობების სიამაყე და თბილისის „დინამოს“ დიდების წლებია დაკავშირებული.

ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ორგანიზატორების ინფორმაციით, სამი ლეგენდარული კაპიტნის ვარსკვლავების მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს.

ღონისძიების გამართვას მხარს უჭერენ საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, საქართველოს კულტურის პალატა და საფეხბურთო კლუბი „სამცხე“.

უეფას მედია-ოფიცერმა მამუკა კვარაცხელიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძეს, დავით ოქიტაშვილსა და ლექსო საგანელიძეს, რომელთა მხარდაჭერითაც ღონისძიება დაიგეგმა. 

ვარსკვლავების გახსნის შემდეგ საფეხბურთო დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გააგრძელებს: 19:00 საათზე თბილისის „დინამო“ „იბერიას“ დაუპირისპირდება. შეხვედრას ეროვნული ლიგის საჩემპიონო ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. 

სამი კაპიტნის ვარსკვლავის გახსნა მხოლოდ სახელოვანი ფეხბურთელების დამსახურების აღიარება არ არის - ეს ქართული ფეხბურთის ისტორიისა და იმ სპორტული მემკვიდრეობის პატივისცემაა, რომელიც მომავალ თაობებს უნდა გადაეცეს.

31 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ სამი ლეგენდის სახელები სიმბოლურად სამუდამოდ დაიკავებს ადგილს ქართული ფეხბურთის დიდების ისტორიაში.