დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისში საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „იბერია 1999“ დაუპირისპირდებიან.
მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სატურნირო მდგომარეობა ანიჭებს. გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. „იბერია 1999“-ს 55 ქულა აქვს, თბილისის „დინამოს“ კი 54. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ასევე მონაწილეობს ბათუმის „დინამო“, რომელიც 56 ქულით ლიდერობს.
შესაბამისად, დღევანდელი მატჩის შედეგმა შესაძლოა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ძალთა თანაფარდობა მნიშვნელოვნად შეცვალოს.
შეხვედრას ემოციური დატვირთვაც ექნება. გავრცელებული ინფორმაციით, მატჩის მეშვიდე წუთზე გიორგი ნემსაძის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
თბილისური დერბი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დღის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენაა.