მარნეულის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი ურთიერთშელაპარაკების დროს მამაკაცი დაჭრეს. პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას მამაკაცს ცივი იარაღით მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული სამედიცინო დახმარების გასაწევად კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის სავარაუდო იარაღი, დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.