iNewsLine-ის სანდო წყაროს ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის პერიოდში თეა წულუკიანის დაჭერას გეგმავდა და მის წინააღმდეგ ისეთი მასალების მოძიებას ცდილობდა, რომელიც შესაძლო სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდებოდა.
წყაროს მტკიცებით, მდინარაძემ სუს-ის შესაბამის თანამშრომლებს წულუკიანთან დაკავშირებული კომპრომატებისა და შესაძლო მამხილებელი მასალების მოძიება დაავალა. თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო - ისეთი მტკიცებულება, რომელიც წულუკიანის წინააღმდეგ სამართლებრივი მოქმედების საფუძველი გახდებოდა, ვერ მოიპოვეს.
მიუხედავად ამისა, წყაროს ვერსიით, მდინარაძე მცდელობას არ წყვეტდა და ცდილობდა ისეთი მასალის შეგროვებას, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს წულუკიანის წინააღმდეგ მოქმედების აუცილებლობაში დაარწმუნებდა.
iNewsLine-ის წყარო ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა მდინარაძეს უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა. წყაროს თქმით, მდინარაძემ ასეთი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, ხოლო ერთ-ერთი ინფორმაცია, რომელიც მან კომპრომატად მიიტანა, იმდენად არასარწმუნოდ იქნა მიჩნეული, რომ ჩვენი წყარო მას ირონიულად „ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილ ცრუ მოხსენებას“ უწოდებს.
წყაროს მტკიცებით, სწორედ ამან გამოიწვია პირველად ივანიშვილის მკვეთრი და დიდი უკმაყოფილება მდინარაძის მიმართ. შესაბამისად მდინარაძემ მტკიცებულებების გარეშე წულუკიანის დაჭერა ვერ გაბედა.
მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად პარლამენტმა 2025 წლის 3 სექტემბერს აირჩია. თანამდებობაზე მან არასრული რვა თვე დაჰყო - 2026 წლის 21 აპრილს გადადგა, ხოლო 28 აპრილს პარლამენტმა მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ცნობად მიიღო.
30 აპრილს მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა და მას ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრა.
iNewsLine-ის წყარო მდინარაძის სუს-იდან გაშვების ერთერთ მიზეზად ზემოდ ნახსენებ ფაქტსაც უკავშირებს, თუმცა ამ კავშირის დამადასტურებელი საჯარო მტკიცებულება ამ ეტაპზე არ არსებობს.
ოფიციალურად პარლამენტმა მისი წასვლა ნებაყოფლობით გადადგომად გააფორმა.
ამავე წყაროს მტკიცებით, წულუკიანი ერთადერთი არ ყოფილა, ვის მიმართაც მდინარაძეს დაძაბული და "ზიზღიანი" დამოკიდებულება ჰქონდა. წყარო ამბობს, რომ მას განსაკუთრებით მძიმე ურთიერთობა ჰქონდა „ქართული ოცნების“ 2012 წლის პარტიასთან დაკავშირებულ ძველ ლიდერთან და მათი პოლიტიკიდან გაქრობის უდიდესი სურვილი ჰქონდა.
iNewsLine ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს წყაროს მიერ მოწოდებულ ცნობებს დამოუკიდებელი საჯარო მტკიცებულებებით. გამოცემა მზად არის სრულად გააშუქოს მამუკა მდინარაძის, თეა წულუკიანის პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით.