თბილისში, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ საკონტრაქტო ვალდებულებების დარღვევის გამო არაერთხელ დაჯარიმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში წარმოების ვალდებულება რამდენჯერმე დაარღვია. სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტაციის მიხედვით, 20 ოქტომბერს ჩატარებული შემოწმებისას დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“ ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთზე სამუშაოები ღამის საათებში არ მიმდინარეობდა.

აღნიშნული დარღვევისთვის კომპანიას 1 271 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

23 ოქტომბრისთვის გავრცელებული მონაცემებით, კომპანიას რუსთაველის გამზირის სხვადასხვა მონაკვეთზე ჯამში 13 ფულადი სანქცია ჰქონდა დაკისრებული, რომელთა საერთო ოდენობა 18 ათას ლარს აჭარბებდა.

ამასთან, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება თავდაპირველი 19.8 მილიონი ლარიდან 20.5 მილიონ ლარზე მეტამდე გაიზარდა.

სამუშაოები მიმდინარე წლის 23 ივლისს დაიწყო. თბილისის მერიის განცხადებით, გამზირის მასშტაბური რეაბილიტაციის დასრულება ნოემბრის ბოლოს იგეგმება.

პროექტი მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გზის საფარისა და ტროტუარების განახლებას ითვალისწინებს.

მიუხედავად განმეორებითი დაჯარიმებისა, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებები ძალაში რჩება.