თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ავტომობილების გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდება.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ნინო ბაგაშვილის განცხადებით, გამზირთან დამაკავშირებელ ქუჩებზე შუქნიშნებით რეგულირებადი გზაჯვარედინები მოეწყობა.

ახალი სქემით, მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეულ მონაკვეთებზე პირდაპირ მოუხვიონ სასურველი მიმართულებით, რაც დამატებითი შემოვლითი გზების გამოყენების საჭიროებას შეამცირებს.

ბაგაშვილის განმარტებით, ამჟამად ავტომობილების ნაკადის დაახლოებით 30% რუსთაველის გამზირს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ზეთისხილის ხესთან მობრუნდეს. ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული სატრანსპორტო ნაკადის შემცირებაა მოსალოდნელი.

რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლის, ველობილიკის, ქვეითთა გადასასვლელებისა და ახალი შუქნიშნების მოწყობაც.