საქართველოში 2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 491 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 247 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით უკანონოდ მოპოვებული თევზის საერთო რაოდენობამ დაახლოებით 550 კილოგრამი შეადგინა.
ყველაზე მეტი, 105 სამართალდარღვევა იმერეთში დაფიქსირდა. მცხეთა-მთიანეთში გამოვლინდა 84 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში 64, ქვემო ქართლში 54, კახეთში 47, ხოლო შიდა ქართლში 37.
სამართალდარღვევები გამოვლინდა სხვა რეგიონებშიც, მათ შორის გურიაში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში. თბილისში უკანონო თევზჭერის 16 შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, ბრაკონიერები ხშირად იყენებდნენ აკრძალულ თევზსაჭერ საშუალებებს, მათ შორის სახლართ ბადეებსა და ელექტროიარაღს.
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი შემთხვევების მასალები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან პატრულირებას აგრძელებს. მოქალაქეებს შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ცხელ ხაზზე, 153-ზე შეუძლიათ.