თბილისის საფეხბურთო კლუბ „იბერიის“ აკადემიის მთავარ სტადიონს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება.
ამის შესახებ კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დიღომში მშენებარე საფეხბურთო ბაზის მთავარ სტადიონს გიორგი ნემსაძის სახელი დაერქმევა.
კლუბი ასევე გეგმავს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის, „ნემსას თასის“, აღდგენას და ყოფილი კაპიტნის შესახებ წიგნის გამოცემას.
გარდა ამისა, იგეგმება გიორგი ნემსაძის სახელობის სტიპენდიის დაწესება, რომელსაც რეგიონებში შერჩეული ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები მიიღებენ.
ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, თბილისის საკრებულოს მიმართავენ ინიციატივითაც, რომ ქუჩას, სადაც გიორგი ნემსაძე ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭოს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 2026 წლის 21 ოქტომბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.