ცნობილმა ქართველმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების დაცვის ხაზზე ისაუბრა და ყურადღება ეროვნული ლიგის ორ ფეხბურთელზე გაამახვილა.

დევდარიანის შეფასებით, საქართველოს ნაკრებს ძლიერი შემტევი პოტენციალი აქვს, თუმცა პრობლემები რჩება დაცვით ხაზში. მისი თქმით, ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრაში სამივე ცენტრალური მცველის შეცვლა დამაფიქრებელი გარემოებაა.

მწვრთნელი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი ლეგიონერი მცველის მწირი სათამაშო პრაქტიკის ფონზე, ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შესაძლოა მეტი ყურადღება ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს დაუთმოს.

„ბათუმის „დინამო“ ზედიზედ იგებს თამაშებს და ამაში კლუბის კაპიტანს, მამუკა კობახიძეს დიდი წვლილი მიუძღვის. ასევე „იბერია 1999“-ში ძალიან კარგი პერიოდი აქვს ალექსანდრე ამისულაშვილს და მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, მათ აუცილებლად გამოვიძახებდი. ეს ბიჭები შანსს იმსახურებენ“, - განაცხადა დევდარიანმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინას დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 სექტემბერს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება.