თბილისში, ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმისა და მოსწავლეებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით, ორი 14 წლის მოზარდი დააკავეს. არასრულწლოვნები სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ და ერთმანეთს სოციალური ქსელების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოზარდებმა ერთმანეთი 2026 წლის აპრილ-მაისში გაიცნეს და კონკრეტულ სკოლაზე თავდასხმის ორგანიზება განიზრახეს.
უწყების ვერსიით, ბრალდებულებს შერჩეული ჰქონდათ სამიზნე სკოლა და წინასწარ შესწავლილი ჰქონდათ მისი შიდა განლაგება. პროკურატურა აცხადებს, რომ ისინი ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა სავარაუდო დანაშაული აღკვეთეს.
მოზარდები 22 და 23 ოქტომბერს დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებულის მამა აცხადებს, რომ არ იცის, ვინ არის მეორე მოზარდი, რომელთანაც მის შვილს დანაშაულის მომზადებას ედავებიან.
ადვოკატი გია დარჩია ბრალდებას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, არასრულწლოვნებს ერთმანეთი პირადად არ უნახავთ და დანაშაულის ჩადენის კონკრეტული შეთანხმება არ ჰქონიათ.
26 ოქტომბერს სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებულის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს ექსპერტიზა და გამოძიება.
ორივე არასრულწლოვანს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მომზადებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კანონით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.