გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საჯარო სკოლის დახურვას ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა. სასწავლო პროცესი სკოლაში 21 სექტემბრიდან შეჩერდა, გადაწყვეტილების შესახებ კი მშობლებს სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში აცნობეს.
არსებული ინფორმაციით, სკოლაში დაახლოებით 500 მოსწავლე სწავლობს. მათ სწავლის გაგრძელება გურჯაანის №4 საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში მოუწევთ. ბავშვების ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტს ეკისრება.
განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოება, რომ სკოლის შენობის მომავალი ამ დრომდე საბოლოოდ გარკვეული არ არის. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადებით, შენობა არარენტაბელურად არის მიჩნეული, თუმცა უცნობი იყო, ჩაუტარდება მას რეაბილიტაცია თუ დაიგეგმება დემონტაჟი.
სკოლის მოულოდნელად დახურვამ ველისციხეში პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ითხოვენ მკაფიო პასუხს, რა ბედი ელის სოფლის სკოლას და როდის შეძლებენ ბავშვები საკუთარ სოფელში სწავლის გაგრძელებას.