ელისო კილაძის ბრალდების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მცდელობა, ეჭვქვეშ დაეყენებინა მოწმე გივი (გია) ჯიბლაძის მდგომარეობა და, შესაბამისად, მისი ჩვენების სანდოობა, საბოლოოდ თავად დაცვისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.

სხდომის მიმდინარეობისას კილაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაშვილმა მოითხოვა საპატრულო პოლიციის გამოძახება და მოწმის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანა. დაცვის მხარემ ეჭვი გამოთქვა, რომ ჯიბლაძე შესაძლოა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო.

თუმცა შოუ არ გამოვიდა - გივი ჯიბლაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა, შემდეგ კი თავად გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება.

წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, შემოწმებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დადებითი შედეგი არ დაფიქსირებულა.

ასე რომ, ელისო კილაძესა და მის დაცვას ამჯერადაც, როგორც იტყვიან, „კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ“ - მოწმის გარშემო ატეხილი ხმაური ნარკოლოგიური შემოწმების წარმოდგენილი შედეგებით ვერ გამყარდა და დაგეგმილი „სპექტაკლიც“ ჩაიშალა.