სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. დაკავებულია თურქეთის მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად 100 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.