შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან თურქეთის, კუბის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ვიეტნამის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მოქალაქეები.
სპეციალური ღონისძიებების ფარგლებში სამართალდამცველებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს. შსს-ს ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის 48-ვე დაკავებული მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით.