აშშ-ში, ლას-ვეგასში, 22 ოქტომბერს გამართული RAF 14-ის პრესკონფერენცია მებრძოლებს, არმან ცარუკიანსა და დილონ დენისს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დენისმა ჟურნალისტებს მაისური აჩვენა, რომელზეც ცარუკიანის მეგობრისა და სავარჯიშო პარტნიორის, ხამზატ ჩიმაევის შეურაცხმყოფელი გამოსახულება და წარწერა იყო დატანილი.

ამის შემდეგ ცარუკიანი ადგილიდან წამოდგა და დენისისკენ გაიწია. ვითარება სწრაფად დაიძაბა. სცენაზე მებრძოლთა გუნდების წევრები და დაცვის თანამშრომლები ავიდნენ, რომლებიც დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდნენ.

არეულობის დროს სცენაზე არსებული ინვენტარიც დაზიანდა. მომხდარის შემდეგ მებრძოლები ტრადიციულ პირისპირ შეხვედრაზე აღარ დაბრუნებულან.

ცარუკიანისა და დენისის შეხვედრა 23 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, RAF 14-ის ტურნირის მთავარ ორთაბრძოლად არის დაგეგმილი.