სარფის სასაზღვრო მონაკვეთზე ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი მიგრანტის საქართველოში უკანონოდ შემოყვანას სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. გამოძიების ვერსიით, მან მიგრანტი ავტომობილის გამწევის სატვირთო ნაწილში დამალა და „სარფის“ გამშვები პუნქტის გვერდის ავლით საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიყვანა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ორივე პირი ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 344¹ მუხლებით მიმდინარეობს - სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტებზე.
დანაშაულები სასჯელის სახით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.