იტალიის სამხრეთით მდებარე კალაბრიის რეგიონში ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომლის მიზანი მოსახლეობისგან დაცლილი სოფლების გამოცოცხლება და ახალი მცხოვრებლების მოზიდვაა.

პროგრამის „Ripopola Calabria“ ფარგლებში, შერჩეულ მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებს 10 წლით უფასოდ შესთავაზებენ. გავრცელებული ინფორმაციით, შენობების სარემონტო ხარჯებს რეგიონი დაფარავს.

პირველ ეტაპზე პროგრამა 50 საცხოვრებელი სახლის გამოყოფას ითვალისწინებს.

მთავარი პირობა კალაბრიაში მუდმივად ცხოვრებაა. პროგრამაში მონაწილე პირებმა საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში რეგიონში მინიმუმ 10 წელი უნდა იცხოვრონ.

სახლები მონაწილეებს საკუთრებაში არ გადაეცემათ. ისინი მუნიციპალიტეტების საკუთრებაში დარჩება, ხოლო შერჩეული პირები საცხოვრებლით ქირის გადახდის გარეშე ისარგებლებენ.

პროგრამის მიზანია პატარა დასახლებებში მოსახლეობის შემცირების შეჩერება, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება და მიტოვებული შენობების ხელახლა გამოყენება.

გავრცელებული ინფორმაციით, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 18 დეკემბერია.

ინიციატივის შესახებ ინფორმაცია ნოემბრის დასაწყისში გავრცელდა.