გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის 3 წლის გოგონა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ელექტრობოძს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაბლობში აღმოჩნდა.

ავარიის შედეგად დაშავდნენ ავტომობილის მძღოლი, მისი მეუღლე და 3 წლის გოგონა. სამივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლი შესაძლოა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფილიყო, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი გამოძიების ფარგლებში დადგინდება.