საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყურძნის ჩაბარებისას ყალბი დოკუმენტების გამოყენების საქმეზე ორ პირს ბრალი წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სახელმწიფოს კუთვნილი თანხების დაუფლების მცდელობის მიზნით დაამზადეს ორი ყალბი ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ. დოკუმენტებში მითითებული იყო, თითქოს რქაწითელის ჯიშის ყურძენი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში იყო მოყვანილი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ცნობების გამოყენებით პირები ჭანდარის ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარებას ცდილობდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით. უწყების განცხადებით, აღნიშნული მუხლები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.