დღეს, 4 ნოემბერს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) შეფასებით, ფოთის ნავსადგურის გაფართოება და მის მიმდებარედ არსებული საკონტეინერო ტერმინალების განვითარება ერთიანი ლოგისტიკური სისტემის ფარგლებში უნდა დაიგეგმოს.
ორგანიზაციის განცხადებით, ნავსადგურის გარეთ ტერმინალების არსებობა ხელს უწყობს კონტეინერების შენახვას, დახარისხებასა და ტრანსპორტირებას, თუმცა მათი უკონტროლო განვითარება ქალაქში სატვირთო ავტომობილების მოძრაობის ზრდისა და ლოგისტიკური ხარჯების გაძვირების რისკს ქმნის.
ამჟამად ფოთის ნავსადგურის მიმდებარედ 10 გარე საკონტეინერო ტერმინალია დაფიქსირებული.
TCRC-ის ინფორმაციით, ფოთის პორტის გაფართოების პროექტი სახელმწიფოსა და APM Terminals Poti-ს შორის მოლაპარაკებების ეტაპზეა. ცენტრის შეფასებით, პროექტის ღირებულება, რომელიც თავდაპირველად დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, შესაძლოა 350 მილიონ დოლარამდე იყოს გაზრდილი.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არსებული ტერმინალების ეფექტიან გამოყენებას, სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებასა და ერთიანი ციფრული მართვის სისტემის შექმნას.
ცენტრის შეფასებით, სწორად დაგეგმილი განვითარება ფოთს შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ საზღვაო ნავსადგურის, არამედ რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციაც გააძლიეროს.