იტალიაში სატვირთო ავტომობილების მძღოლების მასშტაბურმა პროტესტმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მოძრაობა და საქონლის მიწოდება შეაფერხა. მძღოლებმა ავტომაგისტრალები და ლოგისტიკური ცენტრების მისასვლელები გადაკეტეს.

პროტესტის მთავარი მიზეზი საწვავის გაძვირება და სატრანსპორტო ხარჯების ზრდაა. მძღოლები ხელისუფლებისგან ფინანსურ დახმარებასა და დიზელის ფასების შემცირებას მოითხოვენ.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა კამპანიაში, კალაბრიაში, პულიასა და სიცილიაში. ნეაპოლის მახლობლად, A1 და A30 ავტომაგისტრალებზე სატვირთო ავტომობილების გრძელი რიგები წარმოიქმნა.

Reuters-ის ინფორმაციით, მიწოდების შეფერხების გამო რამდენიმე რეგიონში სუპერმარკეტების თაროები დაცარიელდა, ხოლო მალფუჭებადი პროდუქციის ნაწილი ფუჭდება. ნედლეულის დეფიციტის გამო მაკარონის მწარმოებელმა Rummo-მ წარმოება შეაჩერა, La Molisana-მ კი შეამცირა. შეფერხდა კალაბრიის ორი აეროპორტის საწვავით მომარაგებაც.

იტალიის მთავრობამ სატრანსპორტო სექტორის მხარდასაჭერად ფინანსური ზომები გამოაცხადა და მძღოლებთან მოლაპარაკებები დაიწყო.

22 ოქტომბრის მონაცემებით, ზოგიერთ რეგიონში პროტესტი შეჩერებულია, თუმცა ცალკეულ გზებზე ბლოკირება კვლავ გრძელდება.