სამხრეთ კორეის ქალაქ ინჩონში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული, 20 წლამდე ასაკის ქალი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა 13 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:40 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცი სავაჭრო ცენტრის სხვადასხვა სართულზე მყოფ ადამიანებს თავს დაესხა.

თავდამსხმელი ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა შეაჩერეს, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.
დაშავებულებს შორის ექვსი ქალი და ორი მამაკაცია. ერთ-ერთ დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.  მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მისი გულის მუშაობის აღდგენა მოხერხდა, თუმცა პაციენტი კვლავ უგონო მდგომარეობაშია.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის იყო გასამართლებული და სასჯელის მოხდის შემდეგ ელექტრონულ მონიტორინგს ექვემდებარებოდა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე-მიონმა მომხდარის სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება მოითხოვა. ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მუშაობას შეისწავლის.