ღაზის სექტორში, 20 ოქტომბერს, ისრაელის საჰაერო იერიშისა და სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ სამედიცინო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ღაზის ქალაქში საცხოვრებელ ბინაზე განხორციელებულ ავიაიერიშს ცოლ-ქმარი, აკრამ იასინი და დინა აბუ ბაქერი ემსხვერპლნენ.

ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნულ რაიონში შეიარაღებული პირის წინააღმდეგ იერიში განახორციელეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებიათ.

კიდევ ორი ადამიანი ისრაელის სამხედროების სროლის შედეგად დაიღუპა. მათ შორის 17 წლის მოზარდი ხან-იუნისის მახლობლად, ქიზან ალ-ნაჯარის რაიონში მოკლეს. მეოთხე ადამიანი კი ღაზის ქალაქის აღმოსავლეთით, ზეითუნის რაიონში დაიღუპა.

ისრაელის სამხედროებს ამ ორ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თავდასხმები ღაზაში მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე მოხდა. მიუხედავად ზავისა, რეგიონში ძალადობრივი ინციდენტები გრძელდება და მხარეები ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.