2 ოქტომბერს აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების რიგით მე-13 სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა, რომ სამი ქვეყნის თანამშრომლობა მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა. მისი თქმით, კავკასიის უსაფრთხოება თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უსაფრთხოებისგან განუყოფელია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, გამოცდილების გაზიარებასა და რეგიონული ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების უსაფრთხოებაზე.

გიულერი ასევე მიესალმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მხარდაჭერა საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ცალკეული შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და აზერბაიჯანელ კოლეგა ზაქირ ჰასანოვთან.