საქართველოს ტურისტული რეკლამა გერმანიისა და პოლონეთის დედაქალაქების ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე გამოჩნდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერლინსა და ვარშავაში ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები 300-მდე ლოკაციაზე განთავსდა.
სარეკლამო კამპანია საქართველოს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების, მთის კურორტებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება. მისი მიზანია ევროპელი მოგზაურების დაინტერესება და საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, ცნობადობის გაზრდა.
კამპანიის პარალელურად, ბერლინში, ვარშავაში, მიუნხენსა და ფრანკფურტში ტურისტული ბიზნესშეხვედრები გაიმართა, რომლებშიც 150-მდე გერმანული და პოლონური კომპანია მონაწილეობდა.
მიუხედავად აქტიური სარეკლამო კამპანიისა, ჯერჯერობით უცნობია, რა თანხა დაიხარჯა მის განხორციელებაზე და რამდენად აისახება ეს ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე.