შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაცია, ჩადენილი არაერთგზის.

გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებები რამდენჯერმე საკონტროლოდ შეიძინა. აღნიშნული ფაქტები ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დაფიქსირდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.