ბათუმში სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მამაკაცს საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობის დოკუმენტების მოწესრიგება დაჰპირდნენ, მოგვიანებით კი თანხა და პირადი ნივთები წაართვეს.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულები დაზარალებულს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში ჩამოსვლამდე 3 000 ევროს მომზადება მოსთხოვეს. თანხა, მათი დაპირების თანახმად, დასაქმებისა და საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებისთვის იყო განკუთვნილი.
აჭარაში ჩასვლის შემდეგ მამაკაცს ბრალდებულებმა 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონის SIM-ბარათი ჩამოართვეს. მოთხოვნის მიუხედავად, ისინი თანხასა და ნივთებს აღარ უბრუნებდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები დაზარალებულს მომხდარის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ.
ბათუმის პოლიციამ ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს და შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.