„წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სიგარეტისა და მედიკამენტების უკანონო გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი, შაქრით დატვირთული სამი სატვირთო ავტომობილი საბაჟო კონტროლის ფარგლებში შეამოწმეს.
ერთ-ერთი სატვირთოს დეტალური დათვალიერებისას მებაჟეებმა 100 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 1 114 ერთეული სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს.
გამოვლენილი სიგარეტის ღირებულება 575 000 ლარს შეადგენს, მედიკამენტების კი 485 000 ლარს აღემატება. ჯამში, არადეკლარირებული საქონლის ღირებულება 1 060 000 ლარზე მეტია.
ფაქტზე გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.
ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია დაკავებულების, წარდგენილი ბრალდებისა და მოსალოდნელი სასჯელის შესახებ არ გავრცელებულა.