საბერძნეთში, ქალაქ არტასთან, სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის კურსანტებით სავსე ავტობუსი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიციალური ინფორმაციით, ავარია 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 15:30 საათზე, იონიის ავტომაგისტრალის მიმდებარე გზაზე, 144-ე კილომეტრზე მოხდა.
ავტობუსი გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
სატრანსპორტო საშუალებაში სულ 25 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 23 სამხედრო-საზღვაო სასწავლებლის კურსანტი, ერთი თანმხლები ოფიცერი და მძღოლი.
შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ისინი ქალაქ არტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მძიმე დაშავებულები არ არიან.
ავტობუსი ათენიდან კუნძულ კორფუზე მიემგზავრებოდა, სადაც კურსანტებს 28 ოქტომბრის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის დადგენილი არ არის.