საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე, ძლიერ წვიმას დამანგრეველი წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიას 62 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა მამაკაცის ავტომობილი სანაპიროზე გაიტანა. მისი ცხედარი ქალაქ როდოსიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ზღვისპირა დასახლების მახლობლად იპოვეს.

ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა, მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა და სულ მცირე ოთხი ავტომობილი წაიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საგანგებო სამსახურებმა ათობით გამოძახება მიიღეს. კუნძულზე სამაშველო ოპერაციები ჩატარდა, სკოლებში კი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა.

ხელისუფლებამ მოსახლეობასა და ტურისტებს გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდა.