თბილისის ტექნოპარკში ქართული და იტალიური ინოვაციური სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოსულმა იტალიურმა სტარტაპებმა საკუთარი ტექნოლოგიური პროექტები წარადგინეს და ქართველ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. 
ვიზიტში მონაწილეობენ კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის, სამედიცინო AI-ის, დიდი მონაცემების ანალიზის, IoT ტექნოლოგიებისა და ბიომეტრიული გადახდების მიმართულებით. მათ შორის არიან IoTique, IRS Prodigy, ICARUS, Junto და MY-MONEY. 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსია და ორმხრივი შეხვედრები. ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართულ და იტალიურ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის პირდაპირი კავშირების შექმნა, ახალი ბაზრების ათვისება და ერთობლივი პროექტების განვითარება.