მსჯავრდებულ გიორგი ფეიქრიშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან მოსალაპარაკებლად მივიდა მერვე დაწესებულების ციხის უფროსი, ხოლო ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" თავისუფალია:

„ბილანიშვილზე [კაწრო] მომივიდა ინფორმაცია, რომ გუშინ დადიოდა თავის სახლთან. არც შიში ჰქონდა, არც არაფერი. სურათიც კი გადაუღეს. ამ სურათს ვერ მაწვდიან იმიტომ, რომ არ არის საშუალება. ვიცით, რომ გვაკონტროლებს სუს-ი... მოკლედ, ჯერ არ მაქვს ეს სურათი. [...] 5 წუთის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ პატარიძემ [პენიტენციურის დირექტორი] შესაძლოა განცხადება დაწეროს და წავიდეს. ეს არ გაგივათ. სპეცრაზმით, როგორც ჩემი შვილი დაიჭირეთ, ისე უნდა დაიჭიროთ ეგ კრიმინალი. ესე უნდა გვაჩვენოს მთელ ქვეყანას, რომ ჩვენთან კანონი კანონობს... გუშინ ჩემ შვილთან, გიორგი ფეიქრიშვილთან მოსალაპარაკებლად მივიდა მერვე დაწესებულების ციხის უფროსი. თქვენ გესმით რა ხდება?" - ამბობს ძმები ფეიქრიშვილების დედა ნინო აბრამიშვილი TV ფორმულასთან. 

ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი კი აქვეყნებს დავით ფეიქრიშვილის დაზიანებების ამსახველ სამედიცინო ჩანაწერებს, რომლებიც, პროფესიონალების თქმით, საკმაოდ სერიოზული დაზიანებების ჩამონათვალს შეიცავს და ჩნდება კითხვები: როგორ შეიძლება კლინიკიდან გაწერო ისეთ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, რომელსაც აღენიშნება მოტეხილობები, დაჟეჟილობები, რეფლექსების შენელება, მალების მოტეხილობა, ნეკნების მოტეხილობა, თვალბუდის მოტეხილობა, ჰემატომები რომლებიც დადგენილია ტომოგრაფიით, ვიზუალური ჰემატომები... "ვივამედში" დამატებით შეკითხვებს არ პასუხობენ:                                 
                                                                                                               
დავით ფეიქრიშვილი ამ დრომდე კლინიკა ვივამედში რჩება, სადაც ის სამშაბათს გადაიყვანეს. ფიქრიშვილს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. როგორც იქამდე მისმა ადვოკატმა განაცხადა, ძმებს ციხეში ფიზიკურად ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე კაწრო გაუსწორდნენ. მათივე ცნობით, ითხოვნენ სატელეფონო კოდს. დავით ფეიქრიშვილის ცემის შემდეგ კი, როგორც უფლებადამცველი ამბობს, ძმის გადასარჩენად გოგა ფეიქრიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. ფეიქრიშვილების დედა შვილების უსაფრთხოებას ითხოვს.