მსჯავრდებულ დავით ფეიქრიშვილის დედა აცხადებს, რომ მისმა შვილმა, რომელიც ხელმეორედ გადაიყვანეს კლინიკა "ვივამედში", გამოძიებასთან ითანამშრომლა და ყველაფერი მოჰყვა, რა წამებაც გადაიტანა:

"დათუნამ ითანამშრომლა გამომძიებლებთან, ყველაფრი დეტალებში აუხსნა, როგორ იყო, რა იყო რა წამება გამოიარა. გუშინ დამატებით გავიგე, რომ თურმე ეს 4 დღე, რაც ამ წამებაში იყო, წვეთი წყალი არ დაულევია, ლუკმა არ ჩაუდია. შიმშილობდა. უბრალო სასწრაფოთი წაიყვანეს, რადგან ის სპეც მანქანა რომაა, იქ ვერც დააწვინეს, თქვენ წარმოგიდგენიათ დათუნა “ვივა მედში“ ორშაბათს როგორ მიათრიეს, შეიძლება მანქანაში იატაკზეც ეგდო და ისე წაიყვანეს. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვ, მიხედონ ჩემ შვილს. სასჯელის მოხდის დროს, ყველა მშობელი უნდა იყოს გარანტირებული, რომ ჩვენ შვილებს ციხეში არ მოგვიკლავენ. კამერაში არანაირი საფრთხე არ ექმურებათ. მე გუშინ ვუსმენდი პრემიერის პასუხს, მაგრამ როგორც იძახიან ხოლმე, როცა სჭირდებათ, “ფორს მაჟორიო“, აი, ახლა ის “ფორსმაჟორია“.

თვითონ მოიკითხოს, იმას კი არ დაელოდოს ხვალ და ზეგ, რომ ჩემი შვილი კალიასკაში ჩაჯდეს, ჩემ შვილს დღეს სჭირდება დახმარება, ჩემ შვილს სერიოზული ტრავმები აქვს, ნუღა ჩაიდენენ უფრო ღრმა შეცდომებს, მოიწვიონ კონსილიუმი, გაუკეთონ კატე გამოკვლევა. ახალგაზრდა 40 წლის კაცი არ გახდეს ხეიბარი, თორემ მე ამას არა ვაპატიებ არასდროს არცერთს", - აღნიშნავს ნინო აბრამიშვილი. 

დავით ფეიქრიშვილი, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ოჯახის მტკიცებით, ის ციხეში სასტიკად სცემეს.  დაკავებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები,  თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები და დაზიანებული აქვს ხერხემალი.

ოჯახის განცხადებით,  ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს. ვატო ყიფიანი ბრალდებებს უარყოფს.