სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებას ეხმაურება. დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში ციხის თანამშრომლები მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

უწყება ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს დავითაძეების ოჯახის მხრიდან პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა.

გიორგი დავითაძის ოჯახის წევრების განცხადებით, რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარზე გასული წლის დეკემბრიდან სისტემატურად ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.

გიორგი დავითაძე თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. ავთანდილ დავითაძე 2014 წელს საკრებულოში კოალიცია „ქართული ოცნების“ სიით შევიდა და ფრაქცია „ქართული ოცნება -ეროვნული ფორუმის“ წევრი იყო.

ავთანდილ დავითაძის თქმით, სისტემა დალპა და დროზე არის ზომები მისაღები.

ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და შვილის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს.

თავის მხრივ, პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ დავითაძის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. უწყების განცხადებით, პატიმარი სისტემატურად არღვევს დაწესებულების შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს თანამშრომლებს, რის გამოც მას არაერთხელ დაეკისრა დისციპლინური სახდელი.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის 3 მარტიდან გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალის უწყვეტი დაარქივება მიმდინარეობს. უწყება მზად არის, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროოს შესაბამისი ჩანაწერები.

სამსახურის მტკიცებით, გამოძიებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შესაბამისი ვიდეომასალა უკვე დაათვალიერეს და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გიორგი დავითაძის მიმართ არც სექსუალურ და არც სხვა სახის ძალადობას ჰქონია ადგილი.