გერმანიაში, ბრანდენბურგის ფედერალურ მიწაზე, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვით უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, სულ მცირე, 2025 წლის ივლისიდან შუამავლის მეშვეობით რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან კონტაქტობდა.

გამოძიების ვერსიით, მამაკაცი აგროვებდა ინფორმაციას ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის, სამხედრო წარმოებისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული სამხედრო ობიექტების შესახებ.

პროკურატურის განცხადებით, ინფორმაციის ნაწილი საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, თუმცა სხვა მონაცემების მოსაპოვებლად ბრალდებული მიზანმიმართულად უკავშირდებოდა ევროპის თავდაცვის სექტორში დასაქმებულ პირებს.

მამაკაცი 22 ოქტომბერს, ოდერ-შპრეეს რაიონში, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიება კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახურის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება.

ეჭვმიტანილს 23 ოქტომბერს კარლსრუეში, ფედერალური უზენაესი სასამართლოს საგამოძიებო მოსამართლის წინაშე წარადგენენ, რომელიც წინასწარი პატიმრობის საკითხს გადაწყვეტს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.