საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიენ ლეკორნიუმ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. შეზღუდვები მასობრივი საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას, ძარცვასა და ვანდალიზმს უკავშირდება.

პრემიერ-მინისტრმა რეგიონულ ხელისუფლებას დაავალა, 19 ოქტომბრის საღამოდან საჭიროების შემთხვევაში ლოკალური კომენდანტის საათი შემოიღონ. შეზღუდვები კონკრეტულ რაიონებზე გავრცელდება და არა მთლიან ქალაქებზე. 

საფრანგეთში 17 ოქტომბერს დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში შეტაკებებში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა, დაზიანდა შენობები, დაიწვა ავტომობილები და გაიძარცვა მაღაზიები.

არეულობის დროს სულ მცირე 2 400 ადამიანი დააკავეს. განსაკუთრებით მძიმე ვითარება პარიზში, მარსელში, ლიონსა და სხვა დიდ ქალაქებში შეიქმნა. 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, კომენდანტის საათის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა, სავაჭრო ობიექტების დაცვა და ძალადობის ახალი შემთხვევების თავიდან აცილება.

ამასთან, საფრანგეთის ხელისუფლება ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გეგმავს.