ბათუმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა ედებათ ბრალად.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი ჩხრეკის, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის შემოწმების შედეგად, გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინა. ამოღებულ ნივთმტკიცებებს შორისაა 243 შეკვრად დაფასოებული მეთადონი და 50 გრამამდე ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC).
საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც ამოიღეს.
ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.