საქართველოდან ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 21 ოქტომბერს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარეს, რის შედეგადაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გაძევება განხორციელდა.
გაძევებულთა შორის არიან თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ლიბანის, ნიგერიის, ჩინეთის, ბანგლადეშის, ერაყის, კუბის, მოლდოვის, პანამის, საუდის არაბეთისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა გაძევებულ პირს საქართველოში ხელახლა შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა.
უწყება წლიურ სტატისტიკასაც აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის განმავლობაში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უკვე 3 400-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა თითოეული პირის გაძევება ან რა ვადით აეკრძალათ მათ საქართველოში დაბრუნება.