მარნეულის მუნიციპალიტეტში ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. დაზარალებულებს შორის არასრულწლოვანიცაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარ შვილებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, თანასოფლელ მამაკაცებზე დაქორწინებას აიძულებდნენ.
უწყების ცნობით, დანაშაული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით იყო ჩადენილი.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ორი სხვადასხვა ფაქტის ფარგლებში, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150 პრიმა და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.