საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 10 000 ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრაციის დასრულების შემდეგ ქალაქის ცენტრში ვითარება დაიძაბა.
აქციაში სტუდენტები, მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვადასხვა სფეროს დასაქმებულები მონაწილეობდნენ. ისინი განათლების დაფინანსების გაზრდას, სწავლის პირობების გაუმჯობესებასა და ხელმისაწვდომ საცხოვრებელს მოითხოვდნენ.
ომონიის მოედნის მიმდებარედ დემონსტრანტების ნაწილსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი მოწყობილობები გამოიყენა.
ბერძნული მედიის ცნობით, პოლიციის განყოფილებებში სულ 25 პირი გადაიყვანეს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი დააკავეს.
ინციდენტების შემდეგ ქალაქის ცენტრში ვითარება შედარებით განმუხტა, თუმცა ადგილზე პოლიციის გაძლიერებული მობილიზება შენარჩუნდა.