ქვემო ქართლში სამართალდამცველებმა ბებია დააკავეს — მიზეზი კი საკმაოდ უჩვეულოა: გამოძიების ვერსიით, მან არასრულწლოვანი შვილიშვილი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.
ამბავი ერთი შეხედვით შეიძლება ძველი ქართული კომედიის სიუჟეტს ჰგავდეს — ბებია, შვილიშვილი და ბებიის მიერ შერჩეული „სასიძო“, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მსგავსი გადაწყვეტილების სხვის ნაცვლად მიღება უკვე ოჯახური ტრადიციისა თუ „კეთილი სურვილის“ ფარგლებს სცდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდე შეიძლება მივიდეს.
გამოძიების ვერსიით, არასრულწლოვანს ქორწინება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აიძულეს. საქმეში ასევე საუბარია გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივზე.
რა ემუქრება ბებოს?
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ქორწინების იძულებას ცალკე დანაშაულად განიხილავს. განსაკუთრებით მკაცრია პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ქმედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ არის ჩადენილი.
ასეთ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორიდან ოთხ წლამდე.
შესაბამისად, „ბებიამ ასე გადაწყვიტა“ სამართლებრივი არგუმენტი ვერ იქნება — ქორწინება ადამიანის თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებაა და ოჯახის წევრს, მათ შორის ბებიასაც, არასრულწლოვნის იძულების უფლება არ აქვს.
საქმეზე გამოძიება გრძელდება, ხოლო დაკავებული პირის ბრალეულობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.