21 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახალგაზრდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერიდანაა.
გამოცემასთან საუბარში სოფლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედრო მოსამსახურეს ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
თავდაცვის სამინისტრომ შემთხვევა დაადასტურა. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს.
სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.