რუსეთის სამხედრო ძალებმა 12 ოქტომბერს, საღამოს, უკრაინის დედაქალაქ კიევზე ექვსი ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს იერიში. თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. იმავე საღამოს რუსეთმა ხარკოვსაც შეუტია, სადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა არმიამ კიევის რამდენიმე რაიონს ექვსი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა.

საჰაერო ძალებში განმარტავენ, რომ ბალისტიკური სამიზნეები რადიოლოკაციურმა სისტემებმა უშუალოდ კიევზე თავდასხმის მიმდინარეობისას აღმოაჩინეს. ამასთან, მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან რაკეტების გაშვების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ მიუღიათ.

„მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან რაკეტების გაშვების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მიზეზები დგინდება“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

რუსული იერიშის შედეგად კიევში ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 11-მდე გაიზარდა.

ამავე დროს, რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვს ცხრა S-8000 „ბანდეროლის“ ტიპის ბარაჟირებადი საბრძოლო მასალით შეუტიეს.

ხარკოვის ხოლოდნოჰირსკის რაიონში ერთ-ერთი დარტყმის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და გაჩნდა ხანძარი. დაშავდა ხუთი ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, თავდასხმების შესახებ დამატებითი ინფორმაცია დაზუსტდება და დილის ოფიციალურ ანგარიშში გამოქვეყნდება.

წყაროები: უკრაინული გამოცემა УНН, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები.