სირიის სამხრეთ ნაწილში, დარაას პროვინციის სოფელ ჯამლაში, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA-ს ინფორმაციით, დაღუპული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მამაკაცია.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის სამხედროები სოფლის აღმოსავლეთ უბანში შევიდნენ და საცხოვრებელი სახლების სახურავებზე სნაიპერები განათავსეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედროებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და დასახლებულ ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნეს.
დაღუპულის ცხედარი დარაას ეროვნულ საავადმყოფოში გადაასვენეს. მომხდარის ზუსტი გარემოებები ამ ეტაპზე ბოლომდე დადგენილი არ არის.
ინციდენტამდე ერთი დღით ადრე, 21 ოქტომბრის საღამოს, ისრაელის ძალებმა დარაას პროვინციაში მდებარე აბიდინის დასახლების შემოგარენი საარტილერიო ცეცხლით დაბომბეს. SANA-ს ცნობით, ორი ჭურვი დასახლების დასავლეთით ჩამოვარდა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სირიის სამხრეთ რეგიონებში ისრაელის სამხედრო ოპერაციები ბოლო პერიოდში გახშირდა. დამასკო აღნიშნულ მოქმედებებს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს.
ისრაელის სამხედრო უწყების ოფიციალური კომენტარი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაციის გავრცელების მომენტისთვის არ ყოფილა წარმოდგენილი.