ლონდონში მოპარული საქონლის უკანონო რეალიზაციის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შედეგად 42 ადამიანი დააკავეს, ხოლო 11 მაღაზიასთან დაკავშირებით დახურვის ღონისძიებები დაიწყეს.

მეტროპოლიტენის პოლიციის ინფორმაციით, ორკვირიანი ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა დაახლოებით 400 სავაჭრო ობიექტი შეამოწმეს. ამოღებულია ათიათასობით ფუნტის ღირებულების სავარაუდოდ მოპარული პროდუქცია, მათ შორის მობილური ტელეფონები, ელექტრონული მოწყობილობები, ძვირადღირებული კოსმეტიკა და საკვები პროდუქტები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა ლონდონის ჰაუნსლოუს რაიონში დაფიქსირდა, სადაც პოლიციამ 300 სავარაუდოდ მოპარული მობილური ტელეფონი და 15 000 ფუნტი ნაღდი ფული ამოიღო. ადგილზე ორი მამაკაცი დააკავეს.

ბრიქსტონში ჩატარებული შემოწმებისას სამართალდამცველებმა ათობით მობილური ტელეფონი და 5 000 ფუნტზე მეტი აღმოაჩინეს. აღნიშნულ საქმეზე სამი პირი დააკავეს.

პოლიციის განცხადებით, გამოძიებამ გამოავლინა სქემა, რომლის მიხედვითაც ქურდები მაღაზიებიდან კონკრეტულ პროდუქციას წინასწარი შეკვეთით იპარავდნენ, შემდეგ კი მას სხვა სავაჭრო ობიექტებში ყიდდნენ.