აფხაზეთის თვითგამოცხადებული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც მარიონეტული უწყება გალის მოსახლეობას მიმართავს, აღნიშნულია, რომ "შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, "აფხაზეთის თავდაცვის სამინიტრო იწყებს სწავლებას, რომლის მიზანია ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (იგულისხმება დრონები,-რედ.) აღმოჩენა, მათი მწყობრიდან გამოყვანა და/ან ჩამოგდება. 

"სწავლება 12 ოქტომბრიდან იწყება და თუ ამ დროიდან გაიგონებთ სროლისა და აფეთქების ხმებს, არ აჰყვეთ პანიკას, გადაეცით სხვებსაც, რომ ყველაფერი გეგმაზომიერია და კონტროლდება. ეს ღონისძიება დღისით სწორედ პანიკის თავიდან ასარიდებლად ტარდება". - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ჩანს, აფხაზური მხარე შეშფოთებულია იმით, რომ უკრაინის შემტევი დრონების არეალში უკვე როსტოვისა და კრასნოდარის ოლქეები, ასევე ქალაქი სოჭი მოხვდა. ორი დღის წინ კი ოჩამჩირის სანაპიროდან გადაღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ზღვაში ორი, შავი ბოლით დაფარული ადგილი ჩანდა და ეწერა, რომ რუსმა მეზენიტეებმა შავ ზღვაში ჩამოაგდეს ორი დრონი, რომლებიც ოჩამჩირის სამხედრო ბაზისკენ მიფრინავდნენ.