„მას ღალატობდნენ და დღესაც ღალატობენ. ამცირებდნენ და დღესაც ამცირებენ. ის კი დგას“ - წერს ნიკიტა პასეჩნიკი ვოლოდიმირ ზელენსკიზე და უკრაინელ ხალხს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"როცა ზურგს აქცევენ და ღალატობენ ისინი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ მეგობრებად ბი იღლებიან, პოლიტიკოსები ვაჭრობენ, ვიღაცები კი უკვე მზად არიან, ჯალათს ხელი ჩამოართვან. როცა მისი და მისი ქვეყნის სიცოცხლე ყოველდღიურად რაკეტების, დრონების, ბომბებისა და სიცრუის სამიზნეა.
წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ გამოიარა ამ ადამიანმა ეს ყველაფერი. და როგორ აგრძელებს ამის გადატანას.
ის არ ჰგავს კინოგმირს. უფრო ადამიანს ჰგავს, რომელსაც წლებია არ უძინია. სახეჩამომხმარი, თვალებით, რომლებშიც კიევის, ხარკოვის, დნიპროსა და ოდესის ცეცხლმოკიდებული სახლები ირეკლება. თვალებით, რომლებშიც მთელი უკრაინა ჩანს.
ის სიბრალულს არ ითხოვს. ის მამაცურად ითხოვს იარაღს.
არ გარბის. რჩება და საკუთარ მკერდს უშვერს საფრთხეს.
როცა ევაკუაცია შესთავაზეს, უპასუხა: „მე საბრძოლო მასალა მჭირდება და არა ტაქსი“.
და ეს უბრალოდ ლამაზი ფრაზა არ არის. ეს არჩევანია, რომელსაც ის წლებია საქმით ამტკიცებს. ყოველდღე. ყოველ ღამე. სწორედ ახლა.
მას ღალატობდნენ და დღესაც ღალატობენ. არ აფასებდნენ და დღესაც სათანადოდ არ აფასებენ. შეურაცხყოფდნენ და დღესაც შეურაცხყოფენ. ცდილობდნენ და დღესაც ცდილობენ მის წაშლას.
ის კი დგას.
დგას დანგრეული ქალაქების ფონზე. დაღლილი ჯარისკაცების გვერდით. იმ სამყაროს წინაშე, რომელიც თავადაც დაიღალა და სურს, უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე დაივიწყოს, იფიქროს რამე სხვაზე, რაც ტკივილსა და სტრესს არ იწვევს - რამე სასიამოვნოზე.
ის კი ყველას ახსენებს.
თავის ხალხს ისე ესაუბრება, თითქოს ხელი ხელში აქვს ჩაკიდებული. და ამაში არის რაღაც ისეთი, რაც ყელში ბურთს გაგიჩხერს.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არცერთი საჯარო პიროვნებით არ ვყოფილვარ ასე აღფრთოვანებული. და ვფიქრობ, შესაძლოა, აღარც არასოდეს ვიყო.
რადგან ასეთი აღფრთოვანება პოლიტიკას არ ეხება.
ეს არის აღფრთოვანება ადამიანით, რომელიც მაშინ, როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, არ კითხულობს: „რატომ მე?“
ის უბრალოდ, რაინდივით, აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. და რაც იქნება, იქნება.
დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იდგება, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. მაშინაც კი, თუ ყველა მეგობარი მიატოვებს. მაშინაც კი, თუ მთელი მსოფლიო დაიღლება და ზურგს შეაქცევს.
ის არ უღალატებს.
მას მთელი მსოფლიო პატივს სცემს - არა იმიტომ, რომ იდეალურია, არამედ იმიტომ, რომ ყველა მოლაყბეზე ძლიერი აღმოჩნდა. იმიტომ, რომ მაღლა აღმართა უმაღლესი ღირებულებების - ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და დემოკრატიის დროშა.
მის გარშემო კი მთელი უკრაინაა.
დაღლილი, დაჭრილი, მაგრამ გაუტეხელი.
შესაძლოა, მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა სხვას მისცეთ. ეს თქვენი უფლებაა.
მაგრამ დღეს - მოდით, პატივი ვცეთ მას.
ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ნამდვილად აქვს, რისთვისაც პატივი უნდა ვცეთ და რომლის გამოც არ გვრცხვენია.
ძალა და მოთმინება მას!
ვოლოდიმირ ოლექსანდროვიჩი დღეს კეთილ სიტყვებსა და ყოველგვარ მხარდაჭერას იმსახურებს.
მაშ, მივცეთ ეს მხარდაჭერა - ეს ჩვენი ვალია!"